კატალონია

კატალონიის ლიდერი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2 წელიწადში უნდა ჩატარდეს

ჟოაკიმ ტორა
El Pais

კატალონიის რეგიონული მთავრობის ლიდერმა ჟოაკიმ ტორამ თქვა, რომ ორ წელიწადში დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

კატალონიის პარლამენტში გამოსვლისას მან თქვა, რომ მიმდინარე არეულობის უკან რადიკალები დგანან და მათ აქციების შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

"ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით საარჩევნო ყუთებს თვითგამორკვევის საკითხზე. თუ ყველა პარტია და ჯგუფი ამას შესაძლებელს გახდის, ამ საკანონმდებლო ვადას დამოუკიდებლობის დაკანონებით დავასრულებთ." თქვა მან.

ტორას მთავრობასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ მადრიდის მიერ რეფერენდუმის დაბლოკვის შემთხვევაში განიხილება ამის სანაცლოდ საკითხის ადგილობრივი არჩევნებით გადაწყვეტა, თუ მოსახლეობა მხარს დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს დაუჭერს.

კატალონიაში საპროტესტო გამოსვლების მესამე დღეა გრძელდება. მომიტინგეებმა ბარსელონას ქუჩებში ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს. მათ პოლიციას ქვები დაუშინეს.

დაშავდა 100-მდე ადამიანი. დააკავეს 97 მომიტინგე. ოფიციალური მადრიდი რეგიონში პოლიციის ძალებს გააძლიერებს.

საპროტესტო აქციები ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ კატალონიის ყოფილი ლიდერებისათვის პატიმრობის შეფარდებას მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ კატალონიის 9 სეპარატის ლიდერი ამბოხებაში ცნო დამნაშავედ.

13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კატალონიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ორიოლ ჟუნკერასს. ის ამბოხებისაკენ მოწოდების გარდა თანხების გაფლანგვაშიც ცნეს დამნაშავედ.

12 წელი მიესაჯათ ამავე დანაშაულებისათვის კატალონიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ რაულ რომევას, ყოფილ შრომის მინისტრ დოლორს ბასსას და რეგიონული მთავრობის სპიკერ ჟორდი ტურულს.

კატალონიის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, კარმე ფორკადელს 11.5 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ყოფილ შინაგან საქმეთა და ტერიტორიულ მინისტრებს 10.5 წელი.

კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრები განაჩენის გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებენ.

მათ მხარდამჭერებს მშვიდობიანი აქციის გამართვისაკენ მოუწოდეს, თუმცა პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტთან. ამის გამო გადაიდო 108 ფრენა.

პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ გამოსცა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის დაკავების ახალი ორდერი, რომელიც ევროპის მასშტაბით ამოქმედდება.

პუჩდემონი 2017 წლის ოქტომბრიდან თავს ბელგიას აფარებს. ის ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ოფიციალურმა მადრიდრმა კატალონიის რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა და რეგიონის ლიდერების გასამართლება დაიწყო.

პუჩდემონი 25 მარტს გერმანიის ჩრდილოეთით დააკავეს, როდესაც ბელგიაში ფინეთიდან ბრუნდებოდა.

მის დასაკავებლად გაცემული ორდერი გასული წლის დეკემბერში გაუქმდა, მას შემდეგ, რაც გერმანიის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პუჩდემონს ესპანეთს მხოლოდ საჯარო თანხების არამიზნობრივი გამოყენების ბრალდებით გასასამართლებლად გადასცემდა, თუმცა არა ამბოხების ბრალდებით გასამართლებისათვის.

ესპანეთის სასამართლომ შემოთავაზებაზე უარი თქვა და პუჩდემონის დაკავების ორდერი გააუქმა. შედეგად ის ბელგიაში დაბრუნდა. ახალი ორდერი, რომელიც ამბოხებისაკენ მოწოდებისა და საჯარო თანხების გაფლანგვის გამოა გაცემული ბელგიაში ახალი ლეგალური პროცესის დაწყებას გამოიწვევს.

გასული წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.

კომენტარები