ეკონომიკა

Fitch: საქართველოს საკრედიტო რეიტინგი კვლავ BB იქნება – რას ნიშნავს ეს?

Middle East Institute

საერიტინგო კომპანია Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს უცვლელად, BB დონეზე ტოვებს, მოლოდინები(Outlook) კი ნეგატიურია.  

საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო რისკებს აღწერს. მაგალითად, თუ ქვეყნის რეიტინგი AA-ია, იგულისხმება, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო სტაბილურია და ამ ქვეყანაში ინვესტირება თითქმის ურისკოა. მეორე მხრივ, თუ ქვეყანას CC რეიტინგი აქვს, ინვესტორებისთვის ეს არასტაბილური გარემოს ინდიკატორია, სადაც ჩადებული ინვესტიციის დაცვის გარანტიები არ არსებობს. 

სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საკრედიტო რეიტინგის ფორმირებაში პოზიტიური როლი ქვეყნის სტაბილურმა სამართლებრივმა და პოლიტიკურმა გარემომ ითამაშა, რაც საგარეო შოკების მოგერიებაში გადამწყვეტია. მეორე მხრივ, რეიტინგზე უარყოფით გავლენას ახდენს დიდი რაოდენობით უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ვალი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვითწლის ბოლოს მთავრობის ვალი 32.1 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 60.1% იქნება.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი ჩვენთან საუბარში რეიტინგის უცვლელად დატოვებას გამოეხმაურა. მისი თქმით, "BB რეიტინგს არაფორმალურად "ნაგავს(Junk)" უწოდებენ და გაუგებარია, რეიტინგის ამ დონეზე შენარჩუნება ვინმესთვის სიხარულის მიზეზი რატომ უნდა იყოს". 

"BBB რეიტინგის ქვემოთ ყველაფერი ნაგავია. BB კიდევ უფრო ცუდად გამოიყურება, როცა ვხედავთ, რომ რუსეთს(BBB) და აზერბაიჯანს(BB+) უკეთესი რეიტინგები აქვთ, აღარაფერს ვამბობ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. ძალიან დიდი ხანია ამ დონეზე ვართ გაჩერებულები, ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი. უბრალოდ გაუგებარია, რატომ არ უნდა მივისწრაფოდეთ ესტონეთის რეიტინგისკენ?" – აცხადებს ბედინეიშვილი.

წლების მიხედვით, სააგენტოს მიერ საქართველოსთვის მინიჭებული საკრედიტო რეიტინგები შემდეგია:

2007: BB-
2008: B+
2009: B+
2011: B+
2014: BB-
2015: BB-
2018: BB-
2019: BB
2020: BB

Fitch-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3%-ით გაიზრდება, 2022-ში კი  5.8%-ით. მთლიანობაში, ეკონომიკის აღდგენა დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის ტემპსა და ახალი, უცნობი მუტაციების გავრცელებაზე. ეკონომიკური ზრდის უდიდესი ნაწილი შიდა მოთხოვნით იქნება განპირობებული  ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლის 30%- არ გასცდება

Fitch-ში მოელიან, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტის განხორციელებას განაგრძობს. 2021 წლის პროგნოზირებული ინფლაცია, დოკუმენტის მიხედვით, 3.5%-ია.

გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკიც გამოეხმაურა. კობა გვენეტაძის განცხადებით, "რომ არა პანდემია, დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ ვისაუბრებდით არა შენარჩუნებულ, არამედ გაზრდილ რეიტინგზე. საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის მიღებამდე სულ ორი ბიჯი აკლია".

 

კომენტარები