ჩინეთი

ევროკავშირი ჩინეთს მოუწოდებს BBC-ს ჩინეთში მაუწყებლობა აღუდგინოს

dw.com

ევროკავშირმა ჩინეთს მოუწოდა, ბრიტანულ მედიაკომპანია BBC World News-ს ჩინეთში მაუწყებლობაზე დაწესებული აკრძალვა მოუხსნას.

ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის გადაწყვეტილება "კიდევ უფრო ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ინფორმაციაზე წვდომას ჩინეთის საზღვრებში" და არღვევს როგორც ჩინეთის კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჰონგ-კონგის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ BBC-ს გადაცემების შეჩერება "უფლებების და თავისუფლებების რღვევაა", რომელიც ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში გასულ წელს უშიშროების ახალი კანონის მიღების შემდეგ გრძელდება.

"ევროკავშირი რჩება მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის, გამოხატვის, თავისუფლების დაცვის, საკუთარი აზრის ქონის უფლების და ინფორმაციის შეუზღუდავად მიღებისა და გაზიარების უფლების დაცვის ერთგული." – ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთში BBC მოსახლეობისთვის უკვე შეზღუდული იყო და მხოლოდ ინტერნაციონალურ სასტუმროებში ხდებოდა მისი მაუწყებლობის მიწოდება.

ჯერერჯერობით გაურკვეველია, იმოქმედებს თუ არა აკრძალვა ჩინეთში მომუშავე BBC-ს ჟურნალისტებზე. გასულ, წელს აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე და მმართველი კომუნისტური პარტიის კრიტიკის შემდეგ, ჩინეთიდან უცხოური მედიის The Washington Post-ის, The Wall Street Journal-ის და The New York Times-ის ჟურნალისტები გააძევეს.

2021 წლის 4 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აშუქებდა BBC ჩინეთის მთავრობის რეაგირებას კოვიდ-19 პანდემიის მიმართ და კომპანია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

ჩინეთის მთავრობა ასევე შეშფოთებული იყო BBC-ს მიერ უიღურთა “გამოსასწორებელი” ბანაკების სიტუაციის გაშუქებით. ბრიტანული მაუწყებლობის ცნობით, ბანაკებში ქალთა სისტემატური გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება და წამება მიმდინარეობს. ჩინეთის მთავრობის თქმით, BBC სინძიანის უიღურთა ავტონომიური რეგიონის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ჩინეთში უიღურთა ეთნიკური ჯგუფი უკვე მრავალი წელია, რაც მთავრობის მიერ შევიწროების მსხვერპლია. 

ბრიტანული მაუწყებლობის წარმომადგენელთა შეფასებით, ისინი მუდამ მიუკერძოებელ და ფაქტებზე დაფუძნებულ სიახლეებს ავრცელებენ.

“იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჩინეთის მთავრობამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. BBC მსოფლიოში საერთაშორისო სიახლეების ყველაზე სანდო მაუწყებელია”. - ამბობს BBC-ს წარმომადგენელი. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთის მასმედიის მაკონტროლებელმა ორგანო Ofcom-მა, გაერთიანებულ სამეფოებში ჩინურ ტელეკომპანია CGTN-ს მაუწყებლობის ლიცენზია შეუწყვიტა.

კომენტარები