ნიკა მელიას საქმე

ოპოზიცია: მელიას საქმე დასტურია, თუ რა მეთოდებით იბრძვის ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად

ოპოზიციური პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან ოპონენებტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას წარმოადგენს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ივანიშვილის პროკურატურამ პარლამენტს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად თანხმობისთვის მიმართა.

ჩვენ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები მივიჩნევთ რომ ეს და ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან.

ცინიკური და აბსურდულია გირაოს გადახდის მოთხოვნაც იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყანა არ დაუტოვებია უშუალოდ დაკავების საფრთხის წინაც კი და ისედაც ითხოვს მისი საპარლამენტო მანდატის გაუქმებას.

მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა, ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ოპონენტების სისხლის სამართლებრივი წესით დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამასთან მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, სადაც შეთანხმება მიიღწევა ახალი არჩევნებისა და ახალი საარჩევნო წესების შესახებ".

  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლეიბორისტული პარტია
  • გამარჯვებული საქართველო
  • ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
  • ლელო საქართველოსთვის
  • ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
  • ახალი ქრისტიან-დემოკრატები
  • სამართლიანობისთვის
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  • სახელმწიფო ხალხისთვის
  • ევროპული დემოკრატები
  • კანონი და სამართალი
  • რესპუბლიკური პარტია
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • თავისუფალი დემოკრატები
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ელენე ხოშტარია
  • ირაკლი ღლონტი
  • ემსახურე საქართველოს

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პატიმრობით შეცვლის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართა. 

ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს გადახდის ვადა დღეს, 12 თებერვალს ამოეწურა. პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები