ევროპული საქართველო

ბოკერია: დისკუსიაა იმაზე, როგორ უნდა გააგრძელოს პარტიამ მუშაობა ამ რთულ დროს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"ვერაფერ ახალს ვერ გეტყვით" – ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარტიის შეხვედრაზე შესვლის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს. 

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, სტრუქტურული ცვლილებების მხრივ პროცესი პარტიაში დიდი ხანია, რაც დაწყებულია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პრესამ ეს რამდენიმე დღის წინ გაიგო, ამ ყველაფერს არასწორი სპეკულაციები მოჰყვა. 

"ეს დისკუსია გაგრძელდება და გაგრძელდება ყველა ტიპის საკითხზე, იქნება ეს სტრატეგია, ტაქტიკა, თუ პერსონალური გადაწყვეტილებები. ერთად გეტყვით ყველაფერს. ახლა იმიტომ ვიკრიბებით, რომ ეს პროცესი მიდის". – ამბობს გიგა ბოკერია. 

კითხვაზე, არსებობს თუ არა მის გუნდში დაპირისპირება, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს და ეს მთავრობის პროპაგანდაა. 

"რაც მოგახსენეთ, იმას აქვს ადგილი. დისკუსიას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გააგრძელოს პარტიამ, მისთვის და ქვეყნისთვის რთულ მომენტში, მუშაობა. არაფერი ამის მიღმა არ ხდება. შეიძლება, დღესვე იყოს გადაწყვეტილება, შეიძლება, მეტი დრო დაგვჭირდეს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპულ საქართველოში პარტიის წევრების შეხვედრა იმართება, რომლის დასრულების შემდეგაც მედიისთვის, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება, რა სტრუქტურული ცვლილებები მოხდება პარტიაში. შეხვედრის პარალელურად პარტიის წევრმა და ყოფილმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც წერს, რომ პარტიას ტოვებს. 

კომენტარები