ევროპული საქართველო

ბოკერია: აქტიური დისკუსია გვაქვს სტრატეგიაზე, გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ, გავასაჯაროებთ

ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტიაში რამდენიმე კვირაა, აქტიური დისკუსია აქვთ სამომავლო გეგმებზე. ის აღნიშნავს, რომ ეს არის "კაი ხნის ამბავი", თუმცა, რამდენიმე დღის წინ ინფორმაციამ პრესაში არაზუსტი ფორმით გაჟონა. ბოკერიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ პარტიას "ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს".  ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ, როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს საჯარო გახდება საზოგადოებისთვის.

"საპარლამენტო არჩევნების მერე ფორმალურადაც და რეალურადაც, ყოველთვის, ყველა დემოკრატიული პარტია ასეთ დისკუსიას მართავს. ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთი დისკუსია, ეს არ არის ორი და სამი დღის ამბავი, კარგა ხნის ამბავია, უბრალოდ, რამდენიმე დღის წინ პრესაში გაჟონა, ჩემი აზრით, არაზუსტი ფორმით ამ ამბავმა. არანაირი  ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ გამაჩნია საერთოდ. აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილია ასევე, პერსონალური გადაწყვეტილებებიც.

არც ერთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის საბოლოოდ. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ბუნებრივია, საზოგადოებას და, მათ შორის მედიას, ექნება ეს ინფორმაცია.

სანამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, წინასწარ ვერანაირ სპეკულაციას ვერ გეტყვით ვერც ერთ პერსონალურ საკითხზე, სწორედ ამაშია არსი დისკუსიის, რომ, როცა მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, მათ შორის პერსონალურიც, გუნდურიც, მერე ხდება ამ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის.

საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, ნორმალურ ვითარებაშიც იქნებოდა ეს დისკუსია და შემდეგ შესაბამისი პროცედურული ნაწილიც, ამ რთულ ვითარებაში კი, რა თქმა უნდა, დამატებითი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ამ დისკუსიას სტრატეგიაზე, დისკუსიაზე, სტრუქტურულ ამბავზე და პერსონალურ გადაწყვეტილებებზეც". - ამბობს გიგა ბოკერია და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია საზოგადოებისთვის "2-3 დღეში" გახდება ცნობილი.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკუსია არ ეხება იმ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას, რაც პარტიამ მიიღო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობასთან დაკავშირებით.

"ეს არ არის ამასთან კავშირში". - ამბობს გიგა ბოკერია.


ოპოზიციის ძირითადი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ გაყალბებისა და დაშინების ფონზე, არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. 

ოპოზიციური პარტიები მმართველი გუნდისგან მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამ მიზნით ოპოზიციურმა პარტიებმა, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, ხელისუფლებასთან დიალოგის ოთხი რაუნდი გამართეს, თუმცა, არცერთ ამ შემთხვევაში არსებითი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. 

ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის შედგება და შედგება თუ არა მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი. 

კომენტარები