გელათის კომპლექსი

გელათში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოში UNESCO-ს ექსპერტი ჩამოვა

Marcin Konsek / Wikimedia Commons

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოში იუნესკოს ექსპერტი ჩამოვა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ექსპერტი საქართველოში მონასტრის სახურავის მდგომარეობას შეაფასებს, რათა 2008 წლიდან მოყოლებული, გელათის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზები გამოსწორდეს.

"გელათს ნამდვილად სჭირდება იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც გადახურვის პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია. ჩვენ დაახლოებით 6 კვირაა, რაც ვართ ახალშექმნილ სამინისტროში და ჩემმა პირველმა მოადგილემ, ბატონმა კახა სიხარულიძემ, მთელი თავისი წარსული დიპლომატიური გამოცდილება მოახმარა იმას, რომ ამ მოკლე ვადაში, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მივიღეთ UNESCO-სგან თანხმობა და ივნისში გვეწვევა ცნობილი ექსპერტი, რომელიც ძეგლების გადახურვის სპეციალისტია და გააკეთებს შეფასებას. სწორედ ის გვეტყვის, თუ რამხელაა ზიანი. მე შეიძლება მქონდეს ჩემი წარმოდგენა და ვარაუდები, როგორც ერთ ადამიანს, რომელიც არ არის ამ საქმის პროფესიონალი. თუმცა, ჩემი ვარაუდიც დოკუმენტებს ეყრდნობა და შემიძლია გითხრათ, რომ ზარალი არის საკმაოდ დიდი და ხარვეზების გამოსწორებასაც საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდება". – თქვა წულუკიანმა.


კულტურის სამინისტროს ცნობით, გელათზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და ძირითადი ტაძრის სახურავის, დაახლოებით, 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, გელათის მონასტრის ცუდად გადახურვაში 2015-20 წლებში ₾1 453 000 დაიხარჯა.

კომენტარები