გელათის კომპლექსი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამინისტროს: ჩაერთონ ექსპერტები გელათის პრობლემის მართვაში

გელათის მონასტერში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა, იკომოს საქართველომ და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართეს ერთობლივი წერილით, რომელშიც ითხოვენ გელათის წმ. გიორგის ეკლესიაზე სასწრაფოდ დროებითი გადახურვის მოწყობას და შექმნილი პრობლემის მართვის პროცესში ფართო ინსტიტუციური და საექსპერტო ჩართულობის უზრუნველყოფას.

წერილში ასევე გამოთქმულია სურვილი, დაიწყოს ფართო მსჯელობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის სფეროში არსებული პრობლემების მიზეზებისა და დაძლევის გზების თაობაზე, რაც დარგში გასატარებელი სისტემური რეფორმისა და გრძელვადიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების წინაპირობა უნდა გახდეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გელათის სამონასტრო კომპლექსზე საუბრისას ამბობენ, რომ პრობლემები დროებითია და 2021 წლისთვის გამოსწორდება. მათი ცნობით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტაძრის დასავლეთ მკლავში ჩამდინარე წყალი იყო. პრობლემის მიზეზი დაზიანებული ისტორიული სახურავია. სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანება გვხვდება როგორც ორიგინალ ტექნოლოგიაზე, ისე ისტორიულ შეკეთებებზე. პრობლემებს შორისაა ტაძრის შიგნით ფერწერული ფენის გაფხვიერებაც, რომლის მიზეზიც კვლავ ტაძრის დაზიანებულ ნაწილებში შეღწეული წყალია. სააგენტოს რეაბილიტაციის სამსახურის სპეციალისტის, მარიამ საღარაძის თქმით, ფერწერული ნიმუშების შემთხვევაში პროცესი უკვე შრობისკენაა წასული. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე გელათის სახურავებზე დამონტაჟებულ კონსტრუქციებს დროებითს უწოდებს და ამბობს, რომ შესაბამისი "ხარისხიანი" კრამიტი უკვე შეკვეთილი აქვს კომპანიას. 

გელათის რესტავრაციის პროექტის ავტორი, კახა ტრაპაიძის თქმით, გელათის პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელია. მისივე თქმით, პროექტი ყველა ბიუროკრატიულ დონეზე შეთანხმებული იყო და ის ზუსტად იმ მეთოდოლოგიითაა შესრულებული, რომლითაც სხვა ტაძრები.

"პროექტის შეთანხმება მოხდა საქართველოს ყველა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა დონეზე. დღეისათვის ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს თვალწინ არის, ორი ძირითადი პრობლემით არის გამოწვეული და აღმოფხვრა სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა ჩარევის საშუალებით. ამ პირობების სრული დაცვის შემთხვევაში არ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ მეთოდოლოგიურად შეიქმნებოდა პრობლემები". – ამბობს ტრაპაიძე.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც გელათის კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებით სამინისტროს განცხადებით მიმართეს, ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ეს შეფასებები საკუთარი თავის გადარჩენისთვის გაჩაღებული ომია.

"საკუთარი თავის გადარჩენისათვის გაჩაღებული ომი გელათის წინააღმდეგ, სიცრუით, გულგრილობით და არაპროფესიონალიზმით.

ამას სხვა სახელი არ აქვს". – ამბობს მიმართვის ერთ-ერთი ავტორი. 

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაციების წამოწყებისა და მოწოდებების შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები