კორონავირუსი ისრაელში

ისრაელში Covid-19-ით გარდაცვლილთა 3%-ზე ნაკლებს ჰქონდა ვაქცინა მიღებული

ფოტო: nbcnews.com

ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, უკანასკნელ თვეებში Covid-19-ით გარდაცვლილი მოსახლეობის 97%-ზე მეტი ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. 

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის 9 მილიონი მოსახლეობის თითქმის 38%-ს აქვს მიღებული ვაქცინის ერთი დოზა მაინც. მთავრობის მიზანი კი მომავალ თვეებში ამ რიცხვის 50%-მდე გაზრდაა.

“უკანასკნელ 30 დღეში ისრაელში კორონავირუსით 1 536 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 97%-ზე მეტს კი ვაქცინა არ ჰქონდა მიღებული, გარდაცვლილთაგან ვაქცინირებულების რაოდენობა 3%-ზე ნაკლები იყო“. – თქვა ნეთანიაჰუმ. 

“ჩვენ ვაქცინაციის ქვეყანა ვართ, ჩვენ ყოველი მოქალაქისთვის გვაქვს ვაქცინა, თუ თქვენ წახვალთ და აიცრებით, ამით საკუთარ სიცოცხლეს იხსნით“. – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. 

ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები თვლიან, რომ მოსახლეობამ ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ჭორებსა და ცრუ ინფორმაციას არ უნდა დაუჯერონ. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში Covid-19-ის 704 000 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან გამოჯანმრთელდა 628 000, ხოლო გარდაიცვალა 5 216. 
 

კომენტარები