კორონავირუსი ისრაელში

ისრაელში COVID-19-ზე 16-დან 18-წლამდე მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო

Reuters

ისრაელში COVID-19-ზე 16-დან 18-წლამდე წლის მოზარდები ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთნენ. განათლების სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეების დასწრებას სასკოლო გამოცდებზე.

ისრაელის მთავრობა იმედოვნებს, რომ მომავალი თვიდან დაიწყებენ ქვეყნის ეკონომიკის გახსნას. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა 9-მილიონიანი მოსახლეობის 25%-ზე მეტმა მიიღო. 

მოსახლეობის იმუნიზაციის დასაწყისში ვაქცინა ხანდაზმულებისთვის და მაღალი რისკჯგუფებისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ახლა ის უკვე 40 წელს გადაცილებული ნებისმიერი ადამიანისა და, მშობლების ნებართვით, 16-იდან 18-წლამდე მოზარდებისთვისაა ხელმისაწვდომი.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, მოზარდების იმუნზიაციის პროცესში ჩართვის მიზანია უზრუნველყოს მათი დაბრუნება ჩვეულ სასწავლო რეჟიმში და შესაძლებელი გახდეს გამოცდების სათანადო ჩატარება. ისრაელის განათლების სამინისტრო მე-10-, მე-11- და მე-12-კლასელებს, რომლებმაც შესაბამისი გამოცდები ჩააბარეს, მისცემს უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ სერტიფიკატს, რომელიც ახალგაზრდების შემდგომი განათლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ქვეყანა ამჟამად, 27 დეკემბრის შემდეგ, მესამე საყოველთაო კარანტინში იმყოფება. მოსალოდნელია, რომ ისრაელი იანვრის ბოლოდან გაიხსნება, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, აღდგება თუ არა ჩვეული სასწავლო რეჟიმი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში ახალი კორონავირუსის 595 097 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 4 361  და გამოჯანმრთელდა 515 683 ადამიანი. ამჟამად ქვეყანაში ინფექციის 75 053 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები