რუსული ოკუპაცია

თალაკვაძე ოკუპანტების მიერ დაკავებულებზე: ერთ მხარეს არიან ისინი, ვინც ამით სპეკულირებენ

"ერთ მხარეს არიან ადამიანები, ვინც ამ საკითხით სპეკულირებენ". – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე.  

"სიმართლე არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ხელისუფლებამ გადადგა ყველა ნაბიჯი გათავისუფლებისთვის. მე კონკრეტულად გეტყვით, რომ გამოყენებული იყო როგორც მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატი, თანათავმჯდომარეები არიან ჩართული ცხელი ხაზი, ევროკავშირთან გვქონდა კომუნიკაცია, ყველა არის ჩართული. 

რაც შეეხება შედეგს, დავინახეთ, რომ ერთ მხარეს არიან ადამიანები, ვინც სპეკულირებენ ამ საკითხებით და ხმამაღლა ყვირიან, ისევ საქართველოს საწინააღმდეგოდ, აზარალებენ ისევ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, იმ ქმედებებით, სადაც ისინი ცდილობენ, რომ მოიხვეჭონ გარკვეული პოლიტიკური ქულები, რაც მოკლევადიანია. საბოლოო ჯამში, საქმეს ვინ აკეთებს და ვინ იცავს თავის მოქალაქეებს, ეს აქამდე ბევრჯერ გამოჩნდა". – ამბობს არჩილ თალაკვაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

დღეს, 9 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბეღელური ოკუპანტებმა 2 თებერვალს გორში, სოფელ გუგუტიანთკარში უკანონოდ დააკავეს. 

5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მათივე ცნობით, ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. 

კომენტარები