არასრულწლოვანზე ძალადობა

შსს: კაცს, რომელმაც დას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდა

ელექტრონული სამაჯური
შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობაში 1995 წელს დაბადებული გ.კ. ამხილეს.  

უწყების ინფორმაციით, კაცმა 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან დას, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ასევე, მასზე დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა - გ.კ.-ს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს, "რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მსხვერპლის წინასწარ განსაზღვრულ ადგილებთან მიახლოების მონიტორინგი".  

"დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს". – წერია შსს-ს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები