შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 1962 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2024 წელს დაბადებულ მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი კადრები მცირეწლოვნის ოჯახში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა." - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





