კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ვაქცინის შემოტანა კერძო სექტორს ადრე შევთავაზეთ, მწარმოებლები ჯერ არ ყიდიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შემოტანაზე მუშაობა კერძო სექტორს თავიდანვე შესთავაზეს, თუმცა ვაქცინის მწარმოებლები, ჯერჯერობით, კერძო კომპანიებზე არ მუშაობენ. 

ამის შესახებ გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა, სადაც გადაცემაში - საჯარო პოლიტიკა ვაქცინაციის პროცესზე მსჯელობა მიმდინარეობდა. 

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესი 1 წელი ან წელიწადნახევარი შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა, "თუ ჩვენ კარგად ვიმუშავებთ, შეიძლება უფრო მალე დასრულდეს". 

"ჩვენ გარანტირებული კონტრაქტი ვაქცინის შემოტანაზე, 2021 წლის განმავლობაში, გვაქვს მოზრდილი მოსახლეობის 20% -ზე. 1 400 000 დოზა, რომელიც ნაყიდია და რომელიც უნდა შემოვიდეს წლის განმავლობაში. პირველ ეტაპზე შემოდის ძალიან ლიმიტირებული დოზა Pfizer-ის ვაქცინის. ალბათ, თებერვლის ბოლო დეკადაში. ხოლო შემდეგ, მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება ძირითადად AstraZeneca-სი და ამას მოჰყვება შემდეგ ის ვაქცინები, რომლებიც განთავსდება კოვაქსის პლატფორმაზე". – თქვა გამყრელიძემ

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე ძლიერი კონტროლი მიმდინარეობს. 

"2,5 მილიონი გვჭირდება. რაც ისმოდა, რატომ კერძო სექტორს არაო… ეს უფრო ადრე შევთავაზეთ კერძო სექტორს, რომ ყველამ იმუშავეთ ყველა მწარმოებელთან, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც Pfizer-ს, არც AstraZeneca-ს, არც მოდერნა-ს არ ყიდიან. არის ძალიან დიდი კონტროლი. ემბარგო ადევს ევროკავშირიდან ვაქცინის გარეთ გასვლას. ისინი ვინც ყიდიან დღეს, არ დავასახელებ ქვეყნებს, არიან თაღლითი შუამავლები. კოვიდის ვაქცინა დღეს იქცა პოლიტიკურ იარაღად დიდი სახელმწიფოების ხელში, არ დავასახელებ ვისი". – ამბობს გამყრელიძე. 

ცნობისთვის, საქართველო თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს.

კომენტარები