ევროკავშირი-რუსეთი

ჯოზეფ ბორელმა რუსეთში ვიზიტისას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეც ისაუბრა

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი საკითხი, რაც მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას დააყენა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყო.

"ჩვენ განვიხილეთ უახლოესი სამეზობლო. მე ხაზი გავუსვი მინკის შეთანხმების შესრულებისაკენ ნაბიჯების გადადგმის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას. მე აღვნიშნე, რომ აუცილებელია, მოვუსმინოთ ბელარუს ხალხს, მათი ხმა ნათლად ისმის ბოლო 6 თვის განმავლობაში - მათ სურთ, თავისუფლად აირჩიონ ქვეყნის პრეზიდენტი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია, სირიისა და ლიბიის კონფლიქტები იყო ის საკითხები, რომლებსაც შევეხეთ და სადაც რუსეთისა და ევროკავშირის პოზიციები ხშირად აცდენილია. ამ განხილვისას ხაზი გავუსვი, რომ ეუთოს ვალდებულებების პატივისცემა აუცილებელია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის".

ბორელის ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისა და მისი მხარდამჭერი აქციების მონაწილეების დაკავება.

"ჩემს რუს კოლეგასთან საუბრის ზოგიერთ მომენტში დაძაბულობა იმატებდა, როდესაც ბატონი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებასა და მისი მკვლელობის მცდელობის მიუკერძოებლად გამოძიებას ვითხოვდი".

განცხადებაში ბორელი აღნიშნავს რუსეთიდან ელჩების გაძევების შემთხვევასაც, რომელიც მისი ვიზიტის დროს მოხდა:

"აგრესიულად გამართული პრესკონფერენცია და ევროკავშირის წარმომადგენელი 3 დიპლომატის გაძევება, ჩემი ვიზიტის დროს, აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს შესაძლებლობის გამოყენება ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგისათვის. ეს მოულოდნელი არაა, თუმცა საწყენია, შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის სტრატეგიული პერსპექტივიდანაც. ევროკავშირმა დასკვნები უნდა გამოიტანოს და სიფრთხილით განიხილოს, რა გზას აირჩევს რუსეთთან ურთიერთობებში და ერთსულოვნად განახორციელოს ის".

ბორელი ვიზიტის შემდეგ წერს, რომ რუსეთმა არ გამოავლინა სურვილი, გამოიყენოს შესაძლებლობა ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგის წარმოებისათვის და ევროკავშირმა შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

"მოსკოვში ჩავედი, რათა დიპლომატიის მეშვეობით შემემოწმებინა დაინტერესებული იყო თუ არა რუსეთის მთავრობა განსხვავებების აღმოფხვრით და ჩვენს ურთიერთობებში ნეგატიური დინამიკის შემობრუნებით. რეაქცია, რომელიც მივიღე, აშკარად სხვა მიმართულებისაკენ მიგვითითებს. ევროკავშირმა უნდა იფიქროს ამის უფრო ფართო გავლენებზე და შესაბამისი გზა განსაზღვროს. ჩვენ ახლა გზაგასაყარზე ვართ.

ბრიუსელში დავბრუნდი ღრმად შეშფოთებული რუსეთის საზოგადოებისა და რუსეთის გეოსტრატეგიული არჩევნის განვითარების პერსპექტივებზე. მინისტრ ლავროვთან ჩემი შეხვედრები და გზავნილები, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისგან ვიზიტისას მივიღე, ადასტურებს, რომ ევროპა და რუსეთი ერთმანეთს შორდებიან. როგორც ჩანს, რუსეთი უფრო და უფრო ეთიშება ევროპას და დემოკრატიულ ღირებულებებს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს."

კომენტარები