მე-10 მოწვევის პარლამენტი

მეგრელიშვილი: თუ პარლამენტში სხვები ვერ შევიყვანეთ, პასუხს ვაგებთ – მხოლოდ ჩვენ შევალთ

ON.GE

"ჩვენ ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას  შევთავაზეთ, ჩემი აზრით, სასწაული პირობა - თუ ისინი დაგვთანხმდებიან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ პარლამენტში შევალთ". - თქვა ამის შესახებ პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა Palitranews-ის ეთერში საუბრისას. 

მისივე თქმით,  თუ ქართული ოცნება დათმობაზე წავა, ის ყველაფერს გააკეთებს სრულიად ოპოზიციის პარლამენტში შესასვლელად. 

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგებიც, სრული შემადგენლობით ამ საკითხის გადასაწყვეტად შემოვიდნენ პარლამენტში და ერთად მივიღოთ ახალი კონსტიტუცია". - ამბობს მეგრელიშვილი. 

როგორც ის ამბობს, იღებს პასუხისმგებლობას, რომ, თუ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი რაოდენობის დეპუტატებს ვერ შეიყვანს, პოლიტიკურ პასუხს აგებს და პარლამენტში თავად შევა. 

"თუ ჩვენ ვერ შევკრებთ საკმარის რაოდენობას, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის, ამისათვის პოლიტიკურ პასუხს ვაგებთ ჩვენი დაპირებით და მხოლოდ ჩვენ შევალთ პარლამენტში.

ჩვენი პოზიციაა, რომ საჭიროა პარლამენტში შესვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა, ეს რომ მოხდეს, იქ მართლა პარლამენტი უნდა იყოს და საჩხუბრად არ უნდა მივდიოდეთ, რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. ამ მიზნით, ჯერ გვინდა, ეს მოლაპარაკება ბოლოში გავიყვანოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ ქვეყანა შევცვალოთ. ამის წინადადებები მართლა დევს იმ მაგიდაზე. რომელიღაც დიდმა პოლიტიკურმა ძალამ - ქართულმა ოცნებამ ან ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და გადადგას პირველი ნაბიჯი". - ამბობს მეგრელიშვილი. 


ოპოზიციის ძირითადი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ გაყალბებისა და დაშინების ფონზე, არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. 

ოპოზიციური პარტიები მმართველი გუნდისგან მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამ მიზნით ოპოზიციურმა პარტიებმა, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, ხელისუფლებასთან დიალოგის ოთხი რაუნდი გამართეს, თუმცა, არცერთ ამ შემთხვევაში არსებითი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. 

ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის შედგება და შედგება თუ არა მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი. 

კომენტარები