ევროკავშირი-საქართველო

ევროპარლამენტარები წულუკიანის განცხადებაზე: უსიამოვნო, არაეთიკური, სამწუხაროა

bundeskanzlerin.de

ევროპარლამენტის მთავარმა წევრებმა, რომლებიც საქართველოს თემებზე მუშაობენ, სვენ მიქსერმა, ანდრიუს კუბილიუსმა, მარკეტა გრეგოროვამ, მაიკლ გაჰლერმა, პეტრას აუშტევიჩიუსმა და ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პარამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ წერილში შეშფოთება გამოხატეს პლენარული სხდომის დროს კონფიდენციალურობის უყურადღებოდ დარღვევასთან დაკავშირებით და ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისადმი არასასიამოვნო დამოკიდებულებისადმი. 

პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომრის საჯაროდ გამოცხადებაზე ისინი წერენ, რომ ეს უსამოვნო და არაეთიკური ფაქტია. ისინი თალაკვაძეს სწერენ, რომ სამწუხაროა და ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას მისი "კოლეგების მხრიდან მოჰყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა".

"დაახლოებით ერთი კვირის წინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული წევრები ბრიუსელში გვეწვივნენ, მათ გაგვაცნეს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების ამბიციური მიზანი. ჩვენ თქვენს კოლეგებს მეგობრულად შევახსენეთ, რომ ამბიციური პოლიტიკური მიზნები ასეთივე ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებს საჭიროებს.

დღემდე არაკონსოლიდირებულ ქართულ დემოკრატიაზე არსებული პოლიტიკური კრიზისის საშიშროების შესამსუბუქებლად, თქვენივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, მუდმივად მოვუწოდებდით თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს დაეკავებინათ თავიანთი მანდატები და ამავე დროს მოველოდით, რომ ყველა მხარე შეწყვეტდა პირად თავდასხმებს და თავიდან აიცილებდა პოლარიზების ენით [საუბარს].

ამის გათვალისწინებით, სამწუხაროა, ძალიან უსიამოვნოა და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა თქვენი ინსტიტუტის კედლებში. თანაბრად სამწუხაროა და უბრალოდ ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოჰყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა.

ელჩი ჰარცელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას, რათა უზრუნველეყო, რომ საქართველოს ჰყოლოდა მოქმედი პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი, არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს", არამედ ახმოვანებს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც თქვენი ქვეყანაც ირწმუნება, რომ ისწრაფვის. 

მთლიანობაში, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხარის მიერ კეთილსინდისიერი მოქმედება და პატიოსანი ძალისხმევის ხელახლა გამოჩენა პოლიტიკური გამოსავლის ძიებისთვის. ამ პროცესში ადგილი არ უნდა ჰქონდეს პოლარიზების [გამომწვევ] განცხადებებს, პირად შეტევებს და შევიწროებისკენ წაქეზებას. თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი მოითხოვს, რომ სხდომათა დარბაზში წესიერების მაღალი ხარისხი უზრუნველყოთ, რაც დაუშვებს კონსტრუქციულ დებატებს და საკანონმდებლო პროცესის ეფექტიან ზედამხედველობას.

ვიმედოვნებთ, რომ მალე ვიხილავთ გამჭვირვალე და პლურალისტულ პარლამენტს, სწორედ ისეთს, როგორსაც ქართველი ამომრჩეველი მოელოდა".

შეგახენებთ, რომ 2 თებერვალს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

"არასასიამოვნო იყო გუშინ ამის ნახვა. ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრების დაცვის უფლება ფუნდამენტური საკითხია და ეს არაეთიკურად მიმაჩნია". – ასე გამოეხმაურა თავდაპირველად კარლ ჰარცელი თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას ნომრის საჯაროდ გამოცხადებას. ჰარცელის სიტყვების შემდეგ წულუკიანმა სურვილი გამოთქვა, რომ განცხადება მასთან ერთად განეხილა.

კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება, თუმცა შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო შანსი, ორივე მხარე დარწმუნებულიყო, რომ ესმით ერთმანეთის პოზიციები.

თეა წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას პირადი ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის აზრი მისი პირადი პოზიციაა და არა ევროკავშირის.

კომენტარები