კორონავირუსი საქართველოში

რესტორატორები: მიღებული გადაწყვეტილება პოზიტიურია, აქციასთან დაკავშირებით შევიკრიბებით

luxuryresortphotography.com

რესტორატორთა ასოციაციის შეფასებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კვების ობიექტების ღია სივრცეში ამოქმედების შესახებ პოზიტიურია. 

"გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, პოზიტიურია. რაც შეეხება შაბათის აქციას, ჯერჯერობით საორგანიზაციო ჯგუფი არ შევკრებილვართ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, ვაგრძელებთ თუ არა პროტესტს". - უთხრა შოთა ბურჯანაძემ ტაბულას. 

დღეს, 4 თებერვალს, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში ამოქმედდება. შაბათ-კვირას შეზღუდვა ძალაში დარჩება.  

როგორც 2 თებერვალს რესტორატორებმა თქვეს, 6 თებერვლიდან 200-ზე მეტი რესტორანი პროტესტის ნიშნად მუშაობის დაწყებას აპირებდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გახსნის გეგმის წარსადგენად მთავრობისთვის 1-ელ თებერვლამდე მიცემული ვადა ამოიწურა.  

დღეს პრემიერმინისტრმა გახარიამ ასევე თქვა, რომ მთავრობა აღარ დაეხმარება ორგანიზაციებს, რომლებიც რეგულაციებს მიზანმიმართულად დაარღვევენ. 


4 თებერვლის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.51%-ია, ბოლო 14 დღის - 4.41%. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 260 480 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ადამიანი 251 748 გამოჯანმრთელდა, 3 240 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ვრცლად, რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ლი თებერვლიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები