ეკონომიკა

2020 წელს თურქეთმა 16 მილიონი ტურისტი მიიღო, შემოსავალი 12.6 მილიარდი დოლარია

პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს საქართველოს უმსხვილესმა სავაჭრო პარტნიორმა, თურქეთმა თითქმის 16 მილიონ ტურისტს უმანსპინძლა. ქვეყანამ შემოსავლის სახით 12.6 მილიარდი დოლარი მიიღო

ცხადია, გასულ წელთან შედარებით დრამატულად შემცირდა როგორც თურქეთში ჩასული ტურისტების და ასევე, აქედან მიღებული შემოსავალი. შედარებისთვის, 2019 წელთან შედარებით თურქეთში ჩასული ტურისტების რაოდენობა 69%-ით შემცირდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 65%-ით. ამ კლების მიუხედავად, თურქეთმა გახსნა საზღვრები და პრაქტიკულად შეუფერხებლად ჩაატარა ტურისტული სეზონი. 

მთავრობის იაფი დაკრედიტების მასშტაბური პროგრამისა და შედარებით მსუბუქი შეზღუდვების ფონზე, თურქეთი ერთ-ერთი უიშვიათესია განვითარებად ეკონომიკებს შორის, რომლებმაც 2020 წელს თავიდან აიცილეს ეკონომიკის შემცირება. წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა 1.1%-ით გაიზრდება. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს თურქეთში ჩასული 16 მილიონი ტურისტიდან დაახლოებით, 1 მილიონი უკრაინელია. სავარაუდოა, რომ ქვეყნის საზღვრების გახსნის პირობებში უკრაინელი ტურისტების მიღებას საქართველოც შეძლებდა, რადგან ჯერ კიდევ პანდემიამდე უკრაინულ ბაზარზე საქართველო დასვენების პოპულარულ და მოთხოვნად ადგილად მიიჩნეოდა. 

მთავრობის მრავალი დაპირების მიხედვით, საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნიდა, თუმცა ქვეყნის საზღვრები ამ დრომდე ჩაკეტილია. საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 90%-ით შემცირდა და მხოლოდ 540 მილიონი დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან არ მიღებული შემოსავალი კი 2.8 მილიარდ დოლარს უტოლდება. 

კომენტარები