ეკონომიკა

წითელი ბაღის კეთილმოსაწყობად 1.9 მილიონი დაიხარჯა და ის უკვე სარემონტოა

კახი კალაძე
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

გოძიაშვილის, იგივე წითელი ბაღის კეთილმოსაწყობად თბილისის მერიამ 1 896 590 ლარი გამოყო.
ბაღის კეთილმოსაწყობად შეუსაბამო მასალები გამოიყენეს და ერთ წელიწადში ბილიკებზე დაგებული მასალა დალპა, გრანიტის ფილები კი დატყდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბაღის კეთილმოწყობაზე მუშაობდა შპს გრინსერვის+, რომელმაც შეუსაბამო მასალები გამოიყენა. 

გარდა იმისა, რომ პარკის კეთილმოწყობაზე დიდი რაოდენობით თანხები დაიხარჯა და ის ერთი წლის შემდეგ უკვე სარემონტო მდგომარეობაშია, შეიცვალა ბაღის ძირითადი იერსახეც. 

“ურბანულ მეხსიერებაში მას წითელი ბაღი ერქვა, რადგან სასეირნო ბილიკებზე წითელი ქვიშა-ხრეში იყო დაყრილი. კალაძის კეთილმოწყობას ესეც შეეწირა. ბაღში ბეტონი მოასხეს, რის გამოც ხშირად საშინელი მტვერი დგება“. – წერია ფლანგვის დეტექტორის პოსტში. 

2019 წლის მაისში თბილისის მერმა კახი კალაძემ პარკი საზეიმოდ გახსნა. 

ბილიკებზე დაგებულ და გაფუჭებულ მასალაში გადახდილია 120 000 ლარი. თითო ბაღის სკამში კი 2000 ლარი დაიხარჯა. 

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, შპს გრინსერვის+-ის დამფუძნებლები ქართულმა ოცნებამ 2013 წელს გაასამართლა კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით, მიუხედავად ამისა, მათმა კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე 55 808 667 ლარის ტენდერები მოიგო. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ ბაღის ფოტოებიც გაავრცელა:

კომენტარები