ამერიკელმა კანონმდებლებმა ორივე პარტიიდან ჰონგ-კონგის დემოკრატიული მოძრაობა მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
ხუთმა სენატორმა და ოთხმა კონგრესმენმა ნობელის პრემიის ხელმძღვანელს მისწერეს, რომ მათ მიერ დასახელებული ნომინანტის გამარჯვება ხმას მისცემს მათ, ვინც თავისუფლებისთვის წართმევის წინააღმდეგ იბრძვის.
"დემოკრატიის უამრავი ადვოკატი უკვე ციხეშია, ზოგი გაიქცა, კიდევ მეტი ელის განაჩენს... პრემია პატივს მიაგებს მათ გამბედაობასა და მიზანდასახულობას, რამაც მსოფლიო შთააგონა". – წერენ ისინი.
ჰონგ-კონგში ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო, მაშინ ჰონგ-კონგის ქუჩებში, დაახლოებით, მილიონი მოქალაქე ჰონგ-კონგიდან კომუნისტურ კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდა. ექსტრადიციის კანონპროექტი 5-თვიანი პროტესტის შემდეგ, რომელსაც პოლიცია ხშირად ძალადობრივად შლიდა, გაიწვიეს, მაგრამ აქციები გაგრძელდა. მოქალაქეები თავისუფალ არჩევნებს, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას, აქციებზე პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელ გამოძიებას, საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტას, ქალაქის ლიდერ კერი ლამის გადადგომას და ზოგადად, მეტ თავისუფლებასა და პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მას შემდეგ, ჰონგ-კონგისთვის ვითარება გაუარესდა. ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.