ეკონომიკა

გვენეტაძე: თუ 2021 წელს ტურიზმი საერთოდ არ აღდგა, ეკონომიკური ზრდა 1% იქნება

ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის სხდომის შემდეგ ფეისბუქ ლაივში ქვეყანაში შექმნილ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

გვენეტაძემ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზეც ილაპარაკა, მისი თქმით, ოპტიმალური სცენარით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით, 4%-ით გაიზრდება. "მოსალოდნელია, რომ მაჩვენებელი ამ ნიშნულს ქვევიდან მიუახლოვდება".– ამბობს სებ-ის პრეზიდენტი. ოპტიმალურ შემთხვევაშიც კი მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 2%-ით ნაკლებად გაიზრდება, ვიდრე 2020 წელს შემცირდა. 

გვენეტაძემ ასევე მიმოიხილა პესიმისტური სცენარიც, რომელიც გლობალურად და ადგილობრივად გაუარესებულ ეპიდიმიურ მდგომარეობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია მოსახლეობის მობილიბის ვარდნა, საგარეო მოთხოვნის შემცირება და შეზღუდვების გაგრძელება. თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით, 1% იქნება.

"თუ მოხდა მდგომარეობის გაუარესება გლობალურად და საქართველოშიც, თუ საერთოდ არ მოხდა ტურიზმის აღდგენა, დღევანდელი შეფასებით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით, 1%-ის ფარგლებში იქნება. კიდევ ერთხელ რომ გავუსვა ხაზი, გაურკვევლობის ელემენტები და მდგენელები პანდემიის პერიოდში პროგნოზებთან დაკავშირებით ძალიან დიდია". – ამბობს გვენეტაძე. 

დღეს, 3 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა კვლავ უცვლელად შეინარჩუნა რეფინანსირების განაკვეთი და 8%-ზე დატოვა. 

კომენტარები