ალექსეი ნავალნის საქმე

რუსეთში ნავალნის მხარდამჭერი მსვლელობები იმართება, მომიტინგეებს აკავებენ [VIDEO]

MEDIAZONA

რუსეთში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ. 

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მსვლელობა იმართება მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. 

მას შემდეგ, რაც 2 თებერვალს ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს, მისმა თანამოაზრეებმა ოპოზიციონერის მხარდამჭერებს მოსკოვის ცენტრში გასვლისა და პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდეს

"გადადგეს პუტინი!"; "თავისუფლება!"; "მოსკოვო, გამოდი!" - გაიძახდნენ მომიტინგეები.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებები გრძელდება. 

ასევე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან სამართალდამცავები მომიტინგეებს.

გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავებს ტაქსიდან ერთ-ერთი პირი გადმოჰყავთ, ცემენ და სავარაუდოდ, აკავებენ. როგორც სოციალურ მედიაში წერენ, ეს ყველაფერი მოჰყვა ტაქსიში მჯდომი პირის მიერ სამართალდამცავების მისამართით რაღაცის წამოძახებას. 

ერთ-ერთ ვიდეოში კი ჩანს, თუ როგორ უსწორდება რუსი სამართალდამცავი ჟურნალისტს. 

OVD-ს ინფორმაციით, დაკავებულია 503 ადამიანი. მათი ნაწილი მოსკოვის სასამართლოსთან დააკავეს, სადაც ნავალნის პროცესი მიმდინარეობდა. 


2 თებერვალს ალექსეი ნავალნის 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

დღეს მოსკოვის საქალაქო სასამართლო ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით განიხილავდა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას, რათა ნავალნის პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეეცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის შუამდგომლობას ასევე მხარს უჭერდა რუსეთის გენერალური პროკურატურა.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.  2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.

2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული".

კომენტარები