დავითგარეჯის საქმე

კაპანაძე: პასუხისმგებლობა, რამე რომ მოუვიდეს მელაშვილს და ილიჩოვას, არის ხელისუფლებაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე გუშინ სავაჭრო ცენტრში მოქალაქე ბაქარ ადამიას მიერ ივერი მელაშვილზე თავდასხმას და სიტყვიერ შეურაცხყოფას გამოეხმაურა.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლება ახდენს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას  სრულ დემონიზებას მასმედიაში, მოღალატის იარლიყის მიწებებას და შემდეგ ამ შექმნილი ძალადობრივი გარემოს გამო ხდება ამ ადამიანზე ძალადობა, მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გაჟღერება და ა.შ., რის შედეგებზეც სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ხელისუფლებას.

"კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა, რამე რომ მოუვიდეს ივერი
მელაშვილს ან ნატალია ილიჩოვას არის ხელისუფლებაზე, რადგან მათ შექმნეს ეს
ძალადობრივი გარემო. არანაირი გამართლება, მთლიანად ამ ბინძურ კამპანიას,
რომელიც ამ ადამიანების წინააღმდეგ იყო, არ აქვს და მისი შემოქმედები აუცილებლად
უნდა დაისაჯონ და დასიჯებიან კიდეც ნორმალურ ქვეყანაში.“ – ამბობს კაპანაძე
 

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

21 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული კარტოგრაფის ივერი მელაშვილის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა.  ჩანაწერში ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული. დაკავებულის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, ზოგიერთი სპეციფიკური ტერმინის იგნორირებით პროკურატურა ცდილობს, მანიპულაციურად წარმოაჩინოს ჩანაწერში არსებული შინაარსი.

28 იანვარს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომაზე დააყენა, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ.  დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თავდებობას ან "ადეკვატურ გირაოს" ითხოვდა, პროკურატურა კი - 30 000-ლარიან გირაოს, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას და დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.

 

კომენტარები