დავითგარეჯის საქმე

გახარია დავითგარეჯის საქმეზე: საკითხის პოლიტიზირება მაღალი რისკის შემცველია ქვეყნისთვის

გიორგი გახარია

"დავითგარეჯის საკითხის ნებისმიერი სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის". – ამბობს პრემიერმინსტრი გიორგი გახარია ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მისი თქმით, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სიტყვისგან და ნაბიჯისგან,​"რომელმაც შეიძლება, თეორიულადაც კი, დავითგარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი".

"ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარეჯის მომავალსაც და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად სენსიტიური საკითხი. თითოეულ სიტყვას აქვს, არამხოლოდ პოლიტიკური, სოციალური ან ისტორიული მნიშვნელობა, მას პირდაპირი მნიშვნელობა ექნება იმ პროცესებზე, რომელიც პრაქტიკული მნიშვნელობის არის". – ამბობს გიორგი გახარია. 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები