დავითგარეჯის საქმე

მამა ანდრია: გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლას დაემთხვა, გაჩნდა კითხვები

საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ, TV პირველის ეთერში დავითგარეჯის საქმეზე ისაუბრა. დეკანოზი აღნიშნავს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გამოშვების გადაწყვეტილება დაემთხვა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, რამაც საზოგადოებაში კითხვები გააჩინა.

"საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება დაემთხვა ცალკეული პარტიების პარლამეტში შესვლა-არშესვლის საკითხს. ამან გააჩინა შეკითხვები საზოგადოებაში". – ამბობს მამა ანდრია.

დეკანოზმა ასევე აღნიშნა, რომ "ეს შეკითხვები როგორც სხვებთან", ასევე გაჩნდა საპატრიარქოშიც.


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები