კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: უმრავლეს შემთხვევაში, COVID-19 -ით გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ბოლო პეიოდში კორონავირუსით გარდაცვალების მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, პაციენტთა დაგვიანებული მიმართვიანობაა.  

ცერცვაძის თქმით, პაციენტები ხშირად არ იკეთებენ ან დაგვიანებით იკეთებენ კორონავირუსზე ტესტს. მისივე ინფორმაციით, ხშირად პაციენტები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, სახლში თვითმკურნალობას ამჯობინებენ და მხოლოდ მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში მიმართავენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ან კლინიკას. 

"არაიშვიათად ასეთი პაციენტები პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებებში ხვდებიან და მათი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება. ამის მიზეზი სავარაუდოდ შემდეგია: პაციენტთა 70-80%-ში COVID-19 მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქად და ისინი მართლაც არ საჭიროებენ სპეციალურ სამედიცინო დახმარებას/ჰოსპიტალიზაციას. შესაბამისად, სხვა პაციენტებსაც უჩნდებათ ილუზია, რომ ისინიც იოლად გადაიტანენ COVID ინფექციას. მათ ავიწყდებათ, რომ COVID-19 აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, ის შეიძლება მსუბუქად გადაიტანონ ხანდაზმულმა და თანხმლები დაავადების მქონე პირებმა, მაგრამ შეიძლება მძიმედ და ზოგჯერ ფატალურად განვითარდეს ახალგაზრდა ასაკშიც და იმ პირებშიც, ვისაც არ აქვს თანმხლები დაავადებები. 

გარდა ამისა COVID-19 ხშირად იწყება მსუბუქად, მაგრამ ახასიათებს სწრაფი დამძიმება (გასნაკუთრებით მე-6-12 დღეებზე). ცალკე პრობლემაა თრომბოემბოლიური გართულებები, რომელიც შეიძლება განვითარდეს დაავადების ნებისმიერ ვადაზე. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტმა დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე ან მძიმე თანხმლები დაავადებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სასწრაფოს/ოჯახის ექიმს/COVID კლინიკას". - წერს თენგიზ ცერცვაძე. 

როგორც ცერცვაძე წერს, დაავადების დამძიმების ნიშნებია: 

  • გამოხატული სუნთქვის უკმარისობა;
  • ტკივილი გულმკერდის არეში, რომლის ინტენსივობაც არ იცვლება მოძრაობისას;
  • ტაქიკარდია>100;
  • მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს;
  • გონების დაბინდვა, აგზნება, მოუსვენრობა;
  • მკვეთრად გამოხატული ზოგადი სისუსტე და დაღლილობა;
  • ადექვატური რაოდენობით სითხის და საკვების მიღების შეუძლებლობა;
  • ხშირი დიარეა და/ან ღებინება;
  • ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება. 

"შესაბამისად, COVID-19-ის კლინიკურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, დროულად მიმართვის შემთხვევაში (განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან 1-7 დღის მანძილზე) გადაარჩინონ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა და მინიმუმამდე დაიყვანოს გარდაცვალების შემთხვევები.  

ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახის ექიმებს, სასწაფო დახმარების სამსახურს და პირველ რიგში მოსახლეობას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს". - წერს თენგიზ ცერცვაძე. 

30 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 5 910 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 257 632 ადამიანი, მათგან 248 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა.

კომენტარები