დავითგარეჯის საქმე

პენიტენციური: მელაშვილის უფლების შესაძლო დარღვევაზე მოკვლევა თვის დასაწყისში დავიწყეთ

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება დღეს, 29 იანვარს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის აპარატმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა. 

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან მიმართვისთანავე უწყებამ მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყო მოკვლევა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელზეც ომბუდსმენი თავის განცხადებაში მიუთითებს. 

"მოკვლევის დასრულების შემდეგ დაიდება დასკვნა და თუ გამოიკვეთება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის/თანამშრომლების მხრიდან გადაცდომა, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად". – წერია განცხადებაში. 

სახალხო დამცველის ცნობით, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით, ასევე საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით, ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაცია დაცვის უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვაკუთხედია. კანონმდებლობა ადვოკატისთვის გადასაცემი დოკუმენტაციის შინაარსობრივ გაცნობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პრივილეგიით სარგებლობა ბოროტად, დანაშაულებრივი მიზნით, ან ციხის რეჟიმის საზიანოდ ხდება.

ივერი მელაშვილის უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი, 28 დეკემბერს წერდა, რომ  N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს უფლება არ მისცა, მისთვის საქმეზე მომზადებული წერილობითი ანალიზი გადაეცა. მარიკაშვილმა ფაქტს დაცვის უფლების უხეშად დარღვევა უწოდა. 

განცხადებას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურიც, რომლის განცხადებაშიც აღნიშნული იყო, რომ პატიმრის პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატისთვის გაგზავნას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს და ეს უსაფრთხოების მიზნით გატარებული ღონისძიებაა.

სასამართლომ გუშინ, 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.  

კომენტარები