დავითგარეჯის საქმე

ომბუდსმენი: მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლება დაირღვა

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა. ომბუდსმენის ცნობით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ მელაშვილის მიერ დაწერილ მასალას და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს ჩაბარება. სახალხო დამცველმა 2021 წლის 28 იანვარს იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა. 

"სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიერ შედგენილი ოქმებით, N8 დაწესებულებიდან მოპოვებული დოკუმენტაციისა და სხვა მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ივერი მელაშვილი შეხვდა ადვოკატს, რომელთანაც განიხილავდა დაცვის სტრატეგიის საკითხებს. მან ადვოკატის მიწოდებულ რუკებზე გააკეთა კომენტარები მინაწერის სახით და ითხოვა მასალების ადვოკატისთვის გადაცემა. ადვოკატისთვის დოკუმენტაციის გადაცემის ნაცვლად, დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ კომენტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს რუკების ჩაბარება". – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის ცნობით, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით, ასევე საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით, ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაცია დაცვის უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვაკუთხედია. კანონმდებლობა ადვოკატისთვის გადასაცემი დოკუმენტაციის შინაარსობრივ გაცნობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პრივილეგიით სარგებლობა ბოროტად, დანაშაულებრივი მიზნით, ან ციხის რეჟიმის საზიანოდ ხდება.

ივერი მელაშვილის უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი, 28 დეკემბერს წერდა, რომ  N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს უფლება არ მისცა, მისთვის საქმეზე მომზადებული წერილობითი ანალიზი გადაეცა. მარიკაშვილმა ფაქტს დაცვის უფლების უხეშად დარღვევა უწოდა. 

განცხადებას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურიც, რომლის განცხადებაშიც აღნიშნული იყო, რომ პატიმრის პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატისთვის გაგზავნას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს და ეს უსაფრთხოების მიზნით გატარებული ღონისძიებაა.

სასამართლომ გუშინ, 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.  

კომენტარები