დავითგარეჯის საქმე

მდინარაძე მელაშვილზე: დაცვის სტრატეგია "გარეჯი საქართველო არაა", მოღალატეობრივი საქციელია

პარლამენტი

"დაცვის სტრატეგიად ვერსიის არჩევა, რომ გარეჯი ან მისი ნაწილი საქართველო არ არის, მოღალატეობრივი საქციელია". - ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის უფროსზე, ივერი მელაშვილზე საუბრისას.

"ნაცმოძრაობას ვურჩევ, იმ ადამიანს დაანებონ თავი. ეს მე არ ვიცი ზუსტად და სერიოზული ეჭვი შეიძლება იყოს, რომ წარსულში რაღაც მიუთითა ვინმემ ამ ადამიანს. კიდევ არასწორ მტკიცებულებებს ნუ ქმნიან, რაც რეალობასთან არ მოდის შესაბამისობაში. 

შემიძლია, გავახსენო ამ კონკრეტულ ადამიანს, მთელ ნაცმოძრაობას და მათ, ვინც ურჩევს, ეს განცხადებები აკეთოს ამ კონკრეტულმა ადამიანმა, არა მხოლოდ რაღაც პათოსის და განცხადებების დონეზე, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიით, არა მხოლოდ ვიღაცის, როგორც მან თქვა, პოზირებით კონკრეტულ ადგილებზე, არამედ კონკრეტული მტკიცებულებებით, კონკრეტული შეთანხმებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის, დასტურდება, რომ ტერიტორია, რომელიც იყო სადავო, არის საქართველოს ტერიტორია". - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

გუშინ, 28 იანვარს ივერი მელაშვილმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში "ერი იქნება, თუ ბერი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი." მელაშვილმა ასევე თქვა, რომ დავითგარეჯის მონაკვეთი შეუთანხმებელია, "არ შევითანხმეთ ეს მონაკვეთი სპეციალური ნიშნით, იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვინდა, ჩვენია, ჩვენი ინტერესია..."

მელაშვილის ნათქვამს და მასზე აგებულ სახელისუფლებო პროპაგანდას ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე გამოეხმაურა

 "ივერი მელაშვილმა მარტივი რამ თქვა, რის გაგებაც ელემენტარულ საღ აზრს საჭიროებს – ის ტერიტორიები, რაც ისტორიულად ჩვენია, თუ გვსურს, რომ იურიდიულადაც ჩვენი იყოს, გულზე მჯიღი კი არ უნდა ვირტყათ და ჩემია-ჩემია ვიძახოთ, მოლაპარაკებებში უნდა ვიყოთ აზერბაიჯანთან, როგორც მეგობარ ქვეყანასთან და უნდა იქ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, სადაც დოკუმენტურად მტკიცდება, ხოლო სადაც არ მტკიცდება, უნდა გავცვალოთ სხვა ტერიტორიაში." - დაწერა კაპანაძემ. 


სასამართლომ გუშინ, 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა -  "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული". პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს, ხოლო მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას მოითხოვს. 

კომენტარები