დავითგარეჯის საქმე

ბოკერია მელაშვილი-ილიჩოვაზე: გირაოს სწრაფად შეგროვება საზოგადოების დამოკიდებულების ტესტია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმაურება. ბოკერია წერს, რომ მათ არ ეკუთვნოდათ სასამართლოს მიერ დაკისრებული პასუხისმგებლობები, თუმცა საპატიმროდან გათავისუფლება მაინც ძალიან კარგი ამბავია. 

"ყველა ნორმალური ადამიანისთვის სასიხარულოა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება. მათ არ ეკუთვნით არც გირაო, არც სამსახურიდან გათავისუფლება და არც ამ სამარცხვინო გამოძიების გაგრძელება, მაგრამ მათი საპატიმროდან გათავისუფლება მაინც ძალიან კარგი ამბავია". – წერს ბოკერია.

ბოკერია ასევე ეხმაურება საზოგადოების მიერ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს თანხის 2 საათში შეგროვებას და წერს, რომ ეს საზოგადოების დამოკიდებულების ტესტია პოლიტიკური დევნის მიმართ.

"უსამართლობის ბევრი მსხვერპლი გვინახავს, ბევრმა ადამიანმა მოგვცა უსამართლობის ღირსეულად მიღების მაგალითი, ეს ორი ადამიანი ამაშიც გამორჩეულები აღმოჩნდა.

ასევე, სასიხარულოა რომ ეს სამარცხვინო გირაო სწრაფად შეგროვდა, რაც ტესტად შეიძლება გამოგვადგეს, თუ როგორია სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება ამ სამარცხვინო პოლიტიკური დევნის მიმართ.

როდესაც ამას მოჰყვება კიდევ ერთი პოლიტპატიმრის გიორგი რურუას გათავისუფლება, შეიძლება ჩავთვალოთ რომ კრიზისის განსამუხტად ერთი ნაბიჯი გადაიდგა". – დაწერა ბოკერიამ.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხა, 40 000 ლარი, 2 საათში შეგროვდა.  სასამართლომ ისინი 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.  


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა – "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული". პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს, ხოლო მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას მოითხოვს. 

კომენტარები