დავითგარეჯის საქმე

ჯაფარიძე მელაშვილი-ილიჩოვაზე: რომ სჯეროდეთ მათი პასუხისმგებლობის, 20 000 ლარად არავინ გამოუშვებდა

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

"ის, რაც დღეს მოხდა ბევრი თვალსაზრისით არის დამაფიქრებელი იმაზე, ზოგადად რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ერთი რომ, რაც მოხდა, დადასტურებაა იმისა, რომ თავიდან ბოლომდე ეს ამბავი პოლიტიკური იყო." – ასე შეაფასა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა TV პირველის ლიდერმა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობის გირაოთი შეცვლა და გათავისუფლება.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პროკურატურა და სასამართლო არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი და ვინმეს მართლა რომ სჯეროდეს მელაშვილის და ილიჩოვას პასუხისმგებლობის, მათ გირაოთი არავინ გამოუშვებდა.

"ამის დადასტურებაა ის, რომ, ხომ არავის სჯერა, რომ დღეს პროკურატურამ თვითონ გადაწყვიტა, აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა. ხომ გასაგებია, რომ ჩვეულებრივი ზემოდან დაკვეთა იყო. გამოჩნდა ისე, რომ პროკურატურა და სასამართლო არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი. ისიც ხომ არავის სჯერა, რომ ამ ხელისუფლების შიგნითაც კი, პროკურატურაში, ვინმეს მართლა, გულწრფელად სჯეროდეს, ეს ხალხი პასუხისმგებელია იმაზე, რომ 4000 ჰექტარი მიწა, ქართული მიწა, აჩუქეს ვიღაცას, 2000 ლარად ხომ არავინ გამოუშვებდა." - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში სადაც უდანაშაულო ხალხს ციხეში კეტავენ, "თუ დასჭირდათ".

"ორ სრულიად უწესიერეს ადამიანს უბრალოდ ხელი მოჰკიდეს და ციხეში შეაგდეს ამდენი ხნით და ყავდათ გამომწყვდეული, იმიტომ რომ წინასაარჩევნოდ დასჭირდათ, რომ ყურადღება გადაეტანათ მართლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემებიდან, რაზეც უნდა ყოფილიყო წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი, მტკივნეულ თემაზე. სინამდვილეში თითიდან გამოწოვილი თემაზე, თითქოს გარეჯს გვართმევენ. სტანდარტულად ითამაშეს, რაც ხდება ხოლმე ამ ქვეყანაში, ნაციონალისტურ სენტიმენტებზე. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ასეთი წესიერი ადამიანებიც კი შეიძლება ციხეში შეაგდონ, თუ დასჭირდათ." - თქვა ჯაფარიძემ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა –  "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული". პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს.

კომენტარები