პოლონეთი

პოლონეთში აბორტზე ახალ შეზღუდვებს აამოქმედებენ

ვარშავა. 27 იანვარი.
AP

27 იანვარს პოლონეთის მთავრობამ დააანონსა, რომ ამოქმედებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც  კრძალავს ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის აბორტის, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურია.

22 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას საპროტეტსო აქციები მოჰყვა და მთავრობამ კანონის ამოქმედება გადადო

მაშინ მმართველი პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა და უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ გადაწყვეტილებაზე მან მოახდინა გავლენა.

მას შემდეგ, რაც დააანონსეს, რომ მმართველი პარტია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ნაბიჯებს ოფიციალურად გადადგამს, გაიმართა მცირე მასშტაბიანი საპროტესტო აქცია და განაცხადეს, რომ 28 იანვარს მეტი აქცია გაიმართება. 

სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ გაზეთში 27 იანვარს გამოქვეყნდა. 

"ეს სულელური გადაწყვეტილება აბორტებს ვერ შეაჩერებს". - თქვა ერთ-ერთმა მომიტინგემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. 

ამავე დღეს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მთავრობა ფოკუსირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა დახმარებაზე - მმართველ პარტიას აკრიტიკებდნენ, რომ ამ მიმართულებით საკმარისს არ აკეთებდა. 

"სახელმწიფოს აღარ შეეძლება წაართვას სიცოცხლე ვინმეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ავადაა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ან სუსტი ჯანმრთელობა აქვს". - თქვა კანონის და სამართლის დეპუტატმა, ბარტომიეი ვრობლევსკიმ.

ახალი კანონით, ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება გაუპატიურების, ინცესტის ან იმ შემთხვევაში, თუ ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ექიმებს, რომლებიც აბორტს არალეგალურად გააკეთებენ, პატიმრობა ელით.

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა, მარეკ სუსკიმ, განაცხადა, რომ პარტია განიხილავს ახალი წესების შემოღებას, რითაც ზოგ შემთხვევაში დაშვებული იქნება ფიზიკური ნაკლის მქონე ნაყოფის აბორტი - "იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფს არ აქვს თავის ქალა ან საშვილოსნოს გარეთ სიცოცხლის შანსი არა აქვს, უნდა იყოს არჩევანი. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ".

BBC News აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით პოლონეთში ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება აბორტის ლეგალურად გაკეთება. სტატისტიკურად ქვეყანაში ჩატარებული აბორტების 98% ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ბოლო წლებში პოლონეთში სულ ათასამდე აბორტი გაკეთდა, თუმცა უფლებადამცველების ინფორმაციით ყოველწლიურად დაახლობით 80-120 ათასი ქალი აბორტის გასაკეთებლად საზღვარგარეთ მიდის.

ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.

პოლონეთში ექიმების დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება კანონით დაშვებულ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

კომენტარები