დავითგარეჯის საქმე

მელაშვილის ცოლი: ბინას ჩავდებ და გამოვიყვან, ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ გამართლდებიან

ტაბულა

"1%-ითაც არ მეპარება ეჭვი, რომ საბოლოოდ გამართლდებიან. ბინას ჩავდებ და გამოვიყვან". - ამბობს თამარ სულაძე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის უფროსის, ივერი მელაშვილის ცოლი.  

"სასამართლოსგან ველოდები, რომ ამ უდანაშაულო ხალხს გაათავისუფლებენ წინასწარი დაკავებიდან მაინც. საბოლოოდ რომ გამართლდებიან, 1%-ითაც არ მეპარება ეჭვი, იმიტომ, რომ უდანაშაულოები არიან, დანაშაული არის შეთითხნილი. 

იმედი მაქვს, რომ გამოუშვებენ. ითხოვს ოპოზიცია პოლიტპატიმრების გამოშვებას და, ალბათ, პოლიტიკური ნებაც იქნება. გირაოზე, რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. ბინას ჩავდებ და გამოვიყვან". - ამბობს სულაძე. 

პროკურატურის ინფორმაციით, დღეს სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტალია-დემარკაციის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას დავითგარეჯის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალოთ. პროკურორის თქმით, "ამ ეტაპისათვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას".

საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, სამოქალაქო მოძრაობები დაკავებულების მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო მოძრაობები სირცხვილია და რუსეთი ოკუპანტია .


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

 

კომენტარები