მე-10 მოწვევის პარლამენტი

მდინარაძე: როგორც ჩანს, ოპოზიციას და მათ მედიებს აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციურ პარტიებს აწუხებთ მანდატები შეწყვეტის საკითხი, თუმცა საზოგადოების წინაშე მაინც სხვანაირად პოზიციონირებენ.

"დღეს რამდენი დეპუტატიც შემოვიდა დარბაზში, ყველამ მითხრა, რომ ყველა ოპოზიციური მედიასაშუალების წარმომადგენელი სათითაოდ ეკითხება პირადი აზრის დონეზე, რა განწყობა აქვთ მათ, შეუწყდებათ თუ არა ოპოზიციონერებს უფლებამოსილება. როგორც ჩანს, ოპოზიციის იმ ძალიან შემართებით განწყობისგან განსხვავებით, რეალურად, მათ და მათ მედიასაშუალებებს ძალიან აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი. თუ ასე ნერვიულობენ ისინი, მაშინ ასეთი შემართებით საზოგადოების წინაშე ნუ პოზიციონირებენ, სიმართლე უთხრან, რომ არ უნდათ, შეუწყდეთ უფლებამოსილება. თუ ასე პოზიციონირებენ, მაშინ ამ ჩაკითხვებს და იმედის ნაპერწკალის ძებნას რომელიღაცა დეპუტატის პირად მოსაზრებაში, მგონია, რომ უნდა დაანებონ თავი". – თქვა მან.

მდინარაძემ ასევე თქვა, რომ შესაძლოა,  მისი პოზიცია ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ "ცოტა სხვანაირი" იყოს, თუმცა გუნდს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

"ჩვენ გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ერთ სხდომა ამ გადაწყვეტილების წინ იქნება აუცილებლად ჩატარებული, მაგრამ ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ ვერცერთ წარმომადგენელს ოპოზიციიდან, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ამიტომ, თუ რეალურად, სხვანაირად ფიქრობენ, საზოგადოებასაც უთხრან ის, რასაც ფიქრობენ და არა რაღაც შეთქმულების თეორიების ძებნა. პირადი მოსაზრება შეიძლება მეც ცოტა სხვანაირი მქონდეს, მაგრამ მათ აქვთ გამოხატული პოზიცია და მათი გამოხატული პოზიციის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე გავახმოვანეთ". – თქვა მან.

პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს უყრის კენჭს.

მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებსა და გირჩის სამ წევრს. პარლამენტში უკვე შევიდა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია, ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები