არჩევნები 2020.

ფანგანს 2000-ლარიანი გირაო დაეკისრა და დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება აეკრძალა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ირაკლი ფანგანს, რომელმაც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დეპუტატთან მიახლოება აუკრძალა. 

ბრალდების მხარე 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ასევე, ფანგანს დაეკისრა კვირაში ერთხელ გამომძიებელთან ანგარიშგების ვალდებულება. საქმის დასრულებამდე ფანგანს საზღვრის კვეთაც აეკრძალა. 

"ჩემი პოზიცია არის იგივე. არ ვნანობ არაფერს. ძველებურად გავაგრძელებ, ვიაქტიურებ, აქციებსაც დავესწრები და ვიბრძოლებ ბოლომდე". – ამბობს ირაკლი ფანგანი. 

აქტვისტის ადვოკატი, მალხაზ ზოიძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. 

ირაკლი ფანგანი 24 იანვარს დააკავეს.  23 იანვარს, მან ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით. ჩავლეიშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც.

 

კომენტარები