არჩევნები 2020.

მდინარაძე: ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი საზოგადოება უნდა აირჩიონ თუ ქართული ოცნება?

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებს წარმოადგენს, ეს ქართული ოცნების 100%-იანი გამარჯვების საფუძველი გახდება.

"ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე თუ შეთანხმდა, ეს იქნება ქართული ოცნების 100%-იანი გამარჯვების საფუძველი. მეორე ტურებიც არ დაგვჭირდება. წარმოიდგინეთ, ქართული საზოგადოება დადგა არჩევანის წინაშე: ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი საზოგადოება უნდა აირჩიონ ხელისუფლად თუ ქართული ოცნება? კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში.

რაც არ უნდა რაღაცაზე ნაწყენი იყოს ამომრჩეველი - და შეიძლება იყოს, 8 წლის განმავლობაში ნაწყენიც იქნება ადამიანი, შეცდომაც გექნება დაშვებული. მაგრამ ეს უნდა იყოს ახსნადი და არ უნდა იყოს ბოროტული, შეცდომას რომ ეძახიან და ამით "აპრავებენ" დანაშულებს - დანაშაული არ უნდა გქონდეს ჩადენილი", - თქვა მდინარაძემ ტვ იმედის ეთერში.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში უკვე რამდენიმე თვეა, მთელი ოპოზიციური სპექტრის კონსულტაციები მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნებზე, მაჟორიტარულ ოლქებში ისინი საერთო კანდიდატების დაყენებას გეგმავენ.

თუმცა, მანამდე, ჯერაც უცნობია, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიჩნეული გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გეგმავს, მხარი არ დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნებზე მანდატები 120/30-ზე პროპორციით უნდა გადანაწილდეს. ამ შემთხვევაში არჩევნები არსებული 77/73-ზე წესით გაიმართება.

დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, 8 მარტის შეთანხმება სრულად შეასრულოს და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს.

კომენტარები