ვლადიმირ პუტინი

პუტინი უარყოფს ნავალნის ბრალდებას, რომ შავი ზღვის სანაპიროზე სასახლეს ფლობს

ვლადიმირ პუტინი
POLITICO

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სტუდენტის დღის აღსანიშნად სტუდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. კონფერენციაზე მას დაუსვეს კითხვა ალექსეი ნავალნის გამოძიების შესახებ, რომლის მიხედვითაც, პუტინი შავი ზღვის სანაპიროზე, გელენჯიკის მახლობლად მდიდრულ სასახლეს ფლობს. ვლადიმირ პუტინი ამ ინფორმაციას უარყოფს.

"არაფერი იქიდან, რაც ნაჩვენებია ჩემს საკუთრებად, არც მე და არც ჩემს ნათესავებს არ ეკუთვნის და არც არასოდეს ეკუთვნოდა". – თქვა პუტინმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ხელსაყრელ დროს" გადაწყვიტეს ამ მასალებით მოქალაქეებისთვის "ტვინის გამორეცხვა. პუტინის თანახმად, რაიმე სახის რეალური სამხილებისა და დოკუმენტების ნაცვლად ვიდეოში ნაჩვენებია ყალბი ფოტოსურათები იმისა, თუ როგორ ცურავს პრეზიდენტი ბატერფლაის სტილით "რაღაც აუზში", რომელიც პუტინს არასდროს უნახავს. პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ არის და არასდროს ყოფილა დაკავებული ბიზნესით და მას "ბიზნესი არასოდეს აინტერესებდა".

ვრცელი გამოძიება ვლადიმერ პუტინის დამალული სასახლის შესახებ ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნების და დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკოსის YouTube-ის არხზე გამოქვეყნდა. სასახლეს ნავალნი უწოდებს "სახელმწიფოს სახელმწიფოში" და მის ღირებულებას 100 მილიარდ რუბლად აფასებს, რაც დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარია. ამ დროისთვის ვიდეოს 86 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ვრცლად ალექსეი ნავალნის გამოძიების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები