2008 წლის აგვისტოს ომი

ევროპარლამენტარი: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და დაუშვას EUMM

ევროპარლამენტარი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ევროპარლამენტარი რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღებისკენ და იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვებისკენ მოუწოდებს.  

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა ისტორიული განაჩენი სახელმწიფოებს შორის საქმეზე – "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)", 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში.

ეს ნანატრი განაჩენი ხაზს უსვამს ორ მნიშვნელოვან ელემენტს:

  • პირველი – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 12 აგვისტოდან.
  • მეორე – ადამიანთა უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალ და უხეშ დარღვევას ომის დროს და შემდეგ, ოკუპირებულ რეგიონებში ომის დროს მომხდარი დანაშაულებებისა და ადამიანთა უფლებების სისტემური დარღვევების გამოუძიებლობას, ასევე რუსეთის უარს ეთნიკური ქართველებისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობის მიცემაზე.

რუსეთმა პატივი უნდა სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის აღიარება. როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უპირობოდ უნდა დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც დასრულდა ომი". – ნათქვამია განცხადებაში.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. 

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში. 

რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სასამართლომ კომპენსაციისა და სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა. სასამართლოს აზრით, ეს საკითხი არ არის მზად საბოლოო გადაწყვეტისთვის.

კომენტარები