კორონავირუსი საქართველოში

#სოცაფეთქება – შეზღუდვების გასაპროტესტებლად დღეს პარტიები და აქტივისტები აქციას გამართავენ

ტაბულა

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად დღეს, 24 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება.

#სოცაფეთქება - აქცია 14:00 საათიდან არის დაგეგმილი. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა მას პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან. 

აქციას უკვე შეუერთდნენ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, ელენე ხოშტარია, სტრატეგია აღმაშენებელილელო. 

საპროტესტო აქციის აღწერაში ნათქვამია, რომ ის აერთიანებს ყველა იმ სეგმენტის პროტესტს, სადაც აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობასა და ლახავს ადამიანის უფლებებს.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე გაჟღერდება შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნები სხვადასხვა მიმართულებით:

  • ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა.
  • სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მოთხოვნა.
  • ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა.
  • საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა.
  • სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა.
  • კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან მუშაობას სავაჭრო ცენტრები აღადგენენ. სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში არ გაიხსნება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:  

  • 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა, ვიცეპრემიერის თქმით, იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.
  • თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აღდგება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ტრანსპორტის და სკოლების გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება.
  • პირველი თებერვლიდან, იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე. რეისების შესრულება ყველა ავიაკომპანიას შეეძლება, თუმცა, "გარკვეული სიხშირეებით".
  • ღია და დახურული ბაზრობები საქართველოს ყველა ქალაქში 15 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.
  • 1-ელ მარტამდე, კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. 
  • საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნა პირველი მარტიდან იგეგმება.
  • ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებსა და საქალაქთშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
  • შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულებების გადახდა/აღნიშვნა.
  • სავალდებულო რჩება პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

კომენტარები