2008 წლის აგვისტოს ომი

EU: მოვუწოდებთ რუსეთს, სტრასბურგის გადაწყვეტილების სათანადო შესრულება უზრუნველყოს

Emerging Europe

ევროკავშირი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფისკენ. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირის მზაობა საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობისათვის. 

"სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირი სრულ მზაობას გამოხატავს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას, რისთვისაც ასევე საჭიროა ძალისხმევა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევისა და ადგილზე გადამწყვეტი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". – ნათქვამია განცხადებაში.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. 

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში. 

რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სასამართლომ კომპენსაციისა და სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა. სასამართლოს აზრით, ეს საკითხი არ არის მზად საბოლოო გადაწყვეტისთვის.

კომენტარები