გიგი უგულავა

შსს უგულავაზე: შეზღუდვის გაუქმების შესახებ უზენაესის გადაწყვეტილება არ მიგვიღია

ევროპული საქართველო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ მიეცა ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგი უგულავას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროს არ მიუღია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავასთვის განსაზღვრული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ. უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე უგულავას შეზღუდვა აღარ აქვს და შეუძლია გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი.

"შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.- ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. "ფონდების" საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება
პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე.

პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია და, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე, გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი". – ნათქვამია შსს-ს სამინისტროში.

დღეს, 23 იანვარს გიგი უგულავამ დაწერა, რომ საზღვარზე უკანონოდ გააჩერეს და ერთი საათის შემდეგ უთხრეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთდა. 

კომენტარები