გიგი უგულავა

"ამბობენ, რომ ბაზიდან გვარის ამოღება დაავიწყდათ" – უგულავა აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე

ევროპული საქართველო

"მეუბნებიან, რომ ეს არის უთავბოლოობა და დაავიწყდათ გვარის ამოღება" - ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი უგულავამ აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.  უგულავას თქმით, კითხვაზე, თუ რატომ არ მისცეს საზღვრის გადაკვეთის უფლება, მას პასუხობენ, რომ ტექნიკური ხარვეზი ჰქონდათ და ბაზიდან მისი გვარის ამოღება დაავიწყდათ. 

"როგორც მე გავარკვიე, არის ბაზა, რომელშიც არის აბსოლუტურად ყველა ოპოზიციის ლიდერი. ყველა ადამიანი, რომელზეც ოდნავ რაღაც საქმე არის აღძრული, იმ ბაზაში არის და დილის 6 საათზე ვერავის ვერ აღვიძებენ, რომ გაარკვიონ, ამ ადამიანს აქვს მართლა შეზღუდვა თუ შეუძლია, რომ გადაადგილდეს". - ამბობს უგულავა.

გიგი უგულავა ამბობს, რომ მას ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვა არ აქვს და მისი გადაადგილების კონსტიტუციული უფლება დაირღვა. 

"10-დან 9 ან 8 შემთხვევაში ხდება ასე. მინიმუმ, 10, 15 წუთი, ნახევარი საათი ალოდინებენ, იმიტომ, რომ არსებობს რაღაც ბაზა, რომელშიც დივერსიფიცირებულიც კი არ აქვთ, ადამიანს აქვს თუ არა უფლება გასვლის ან არგასვლის. ასე იქცევა პუტინის რეჟიმი. [...] უკვე მეუბნებიან, რომ, თურმე, ტექნიკური შეცდომა იყო, თურმე, პროკურატურას არ გაუგზავნია წერილი და, შესაბამისად, ბაზიდან არ ამოიღეს. მე, როგორც მოქალაქეს, მომადგა ზიანი". - ამბობს გიგი უგულავა.  

გიგი უგულავა სახალხო დამცველს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას მიმართავს. 

"მე მინდა, ვთხოვო სახალხო დამცველს, იმიტომ, რომ ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა, ეს არის პრაქტიკა, რომელიც პირდაპირ არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, ეს პრაქტიკა უნდა შევაცვლევინოთ. ეს გახდა რეპრესიული მექანიზმი განსხვავებულად მოაზროვნე ან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ. 

მინდა ოფიციალურად მივმართო შსს-ს და პროკურატურას, თქვენი პრესსამსახურის საშუალებით საზოგადოებას აუწყეთ, მაქვს თუ არა მე რაიმე შეზღუდვა საზღვრის გადაკვეთის - კანონიერი, სასამართლოს მიერ დადგენილი". - ამბობს გიგი უგულავა. 

დღეს, 23 იანვარს გიგი უგულავამ დაწერა, რომ საზღვარზე უკანონოდ გააჩერეს და ერთი საათის შემდეგ უთხრეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთდა. 

კომენტარები