ერაყი

ბაღდადში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ASSOCIATED PRESS

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 32 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

ტერორისტული დაჯგუფების საინფორმაციო სააგენტოს Amaq-ის ცნობით, ტერაქტის სამიზნე შიიტი მუსლიმები იყვნენ. აფეთქებები ხალხმრავალი ბაზრის სიახლოვეს მოხდა. მეორე თავდამსხმელმა თავი მას შემდეგ აიფეთქა, რაც პირველი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილას დაშავებულების დასახმარებლად ხალხი მოგროვდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს თვითმკვლელი ტერორისტების ყველზე მასშტაბური თავდასხმა იყო. 2017 წელს რეგიონში ტერორისტული გაერთიანების ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. წარსულში ე.წ. ისლამური სახელმწიფო აღმოსავლეთ ერაყის და დასავლეთ სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებდა. დაჯგუფების დამარცხების შემდეგ გაეროს ანგარიშის თანახმად რეგიონში ჯერ კიდევ რჩება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 10 000-ზე მეტი მებრძოლი.

ერაყის პრეზიდენტმა ბარჰამ სალეჰმა დაგმო თავდასხმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება "მტკიცედ დადგება გზას ქვეყნის დესტაბილიზაციის ამ ერთეული შემთხვევების წინააღმდეგ".

კომენტარები