ალექსეი ნავალნი

მოსკოვში ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის თანამშრომლები დააკავეს

ლიუბოვ სობოლი

მოსკოვში პოლიციამ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის თანამშრომელი, გეორგი ალბუროვი, დააკავა. ამის შესახებ თავად ალბუროვი თავის Twitter-ზე წერს. ასევე დააკავეს ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.

დღეს, რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ ფონდის კიდევ ერთი თანამშრომელი,  ლიუბოვ სობოლი დააკავა და ფონდის იურისტი ვლადლენ ლოსი, რომელსაც 25 იანვრამდე რუსეთის დატოვება მოსთხოვეს და ქვეყანაში 2.5 წლით დაბრუნება აუკრძალეს. ვლადლენ ლოსი ბელარუსის მოქალაქეა.

ლიუბოვ სობოლი 23 იანვარს დაგეგმილ აქციაზე შეკრებისკენ მოწოდებებისთვის დააკავეს.

20 და 21 იანვარს პოლიციის თანამშრომლებმა საგანგებოდ მიაკითხეს ანტიკორუფციული ფონდის თანამშრომლებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს და გააფრთხილეს, 23 იანვარს აქციებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

23 იანვარს მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციის გამართვა იგეგმება. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

გარდა ამისა, ხვალ, 20 იანვარს, ნავალნის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის შეურაცხყოფაში ბრალდებით სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორცმისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები