დავითგარეჯის საქმე

"მელაშვილი-ილიჩოვას საქმე პოლიტიკურია" – ბადრი ბიწაძე პროკურატურამ გამოკითხა

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე გენერალურმა პროკურატურამ ე.წ მელაშვილი-ილიჩოვას საქმის ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა.

გამოკითხვიდან გამოსულმა ბადრი ბიწაძემ თქვა, რომ საზღვრის დაცვის პოლიცია დადგენილ საზღვარს იცავს და საზღვრის დადგენა მის კომპეტენციაში არ შედიოდა. ბიწაძისვე თქმით, მას არც კომისიის საქმიანობაში მიუღია მონაწილეობა. 

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის პროკურატურაში დაბარებას წინ უძღოდა უწყების მიერ გამოქვეყნებული ფარული ვიდეო ჩანაწერის გამოქვეყნება, რომელშიც ჩანს, რომ ივერ მელაშვილი საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ესაუბრება. მედიის ცნობით, ბიწაძე სწორედ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით დაიბარეს. 

"იყო ასეთი კითხვა, რატომ ვესწრებოდი კომისიის სხდომას, როცა არ ვიყავი კომისიის წევრი. ვესწრებოდი, იმიტომ, რომ ჩემი კოლეგა იყო ჩამოსული აზერბაიჯანიდან და რახან ის იყო იქ, მეც მიმიწვიეს და ვესწრებოდი ამ სხდომას". – ამბობს ბადრი ბიწაძე. 

ბიწაძის თქმით, "თუ მამა მარჩენალმა არ დაიბარა", მას არ დააპატიმრებენ. 

"მე მაქვს პირადი აზრი, როგორც პროფესიონალს, როგორც მოქალაქეს, რომ ეს საქმე არის ავანტიურისტული და პოლიტიკური". – თქვა ბადრი ბიწაძემ. 


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

კომენტარები