2008 წლის აგვისტოს ომი

კახიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ტოტალური გამარჯვება საქართველოსთვის

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთერთი წევრის, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ოთარ კახიძის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და დროთა განმავლობაში ის საფუძვლად დაედება ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენასა და ტერიტორიების დეოკუპაციას. 

ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ დამატებითი, ძალიან სერიოზული ბერკეტები მოიპოვა. ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი ტაბულას ესაუბრა. 

"სასამართლო მოიხსენიებს ტერმინ ოკუპაციას და სასამართლო ადგენს, რომ რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხია.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოდან მოყოლებული, ადგილი ჰქონდა:

1. ეთნიკური ნიშნით ქართველების მკვლელობას, წამებას და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ასევე, მათი სახლების ძარცვაში. და დაადგინა, რომ ეს იყო არა ცალკეული შემთხვევები, არამედ ადმინისტრაციული პრაქტიკა, ანუ ამ დარღვევებს ჰქონდა სისტემური ხასიათი და მათზე პასუხისმგებელია რუსეთი.

2. დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სამოქალაქო პატიმრების და ომის ტყვეების წამებას, რაც ასევე იყო სისტემური ხასიათის და მასზე პასუხისმგებელია რუსეთი. 

3. დაადგინა, რომ ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ აძლევენ საშუალებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, ესეც არის სისტემური ხასიათის ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, მიმდინარეობს 2008 წლის 12 აგვისტოდან მოყოლებული, ვიდრე სასამართლო განხილვამდე, ანუ 2018 წლის ჩათვლით. ანუ განგრძობითია ეს, რომ ქართველებს არ აძლევენ ეთნიკური ნიშნით თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლებას, ამაზე პასუხისმგებელიც არის რუსეთი". – ამბობს ოთარ კახიძე. 

ტაბულას კითხვაზე,  რამდენად პრობლემურია საქართველოსთვის ის, რომ სასამართლომ არ დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი და, შესაბამისად, იურისდიქცია აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს, ოთარ კახიძე პასუხობს, რომ სასამართლოს არ უთქვამს, რომ რუსეთი არ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს, უბრალოდ, ამბობს, რომ ქაოსისა და საომარი მოქმედებების გამო ამის დადგენა უჭირს. 

"ოღონდ, ამავდროულად სასამართლომ დაადგინა, რომ 8-12 აგვისტოს პერიოდში რა საშინელი დანაშაულებებიც მოხდა, ეს რუსეთმა არ გამოიძია, ადამიანების მკვლელობები, მათი გაუჩინარებები. ანუ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია სიცოცხლის უფლება, კონვენციის მეორე მუხლი, მათ შორის 8-12 აგვისტოს პერიოდში. 

ეფექტური კონტროლი ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ფედერაცია აკონტროლებდა სიტუაციას კონკრეტულ ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დანაშაულებებს ჩადიოდნენ ე.წ სამხრეთ ოსური ან აფხაზური ფორმირებები, მაგრამ რუსეთის ფედერაციის საჯარისო დანაყოფებს შეეძლოთ ამის აღკვეთა და ამას არ აკეთებდნენ, უკვე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რომელმაც ეს, როგორც მინიმუმ, არ აღკვეთა. 

სასამართლო არ შედის იმის განხილვაში, რუსეთის ფედერაცია ამას თვითონ ახალისებდა, თვითონ ბრძანება გასცა თუ უბრალოდ უყურებდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა რუსეთის ფედერაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტურ კონტროლს ახლაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. დაადგინა სასამართლომ პირდაპირ, რომ ეთნიკური ნიშნით ქართველებს არ აძლევენ სახლებში დაბრუნების უფლებას, ამას რუსეთი აკეთებს და აკეთებს არა 2008 წლის მდგომარეობით, არამედ, 10 წელზე მეტია. ეს ხდება დღესაც". – ამბობს ოთარ კახიძე. 

კითხვაზე მიღწეულია, თუ არა ის სამართლებრივი მიზანი, რომელიც საქართველოს მთავრობას საჩივრის შეტანის დროს ჰქონდა, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე პასუხობს: 

"ჩემი შეფასებით, ეს მიზნები არის სრულად მიღწეული, რუსეთს აქვს ოკუპანტის სტატუსი, რუსეთი არის პასუხისმგებლად ცნობილი ყველაფერზე, რაც იქ მოხდა, ყველა დანაშაულზე, მათ შორის ეთნიკური ნიშნით წმენდაზე, ქართველების სახლების გადაწვა, ძარცვა, მათი მკვლელობა-წამება, და პლუს ამას, ის, რომ არ აძლევენ დევნილებს თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლებას, ანუ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა აქვს ცალსახად დაკისრებული რუსეთის ფედერაციას. და დამატებით ამაზე, ზემოდან არის ის გარემოებაც, რომ 8-12 აგვისტოს პერიოდში, აქტიური საომარი მოქმედებების დროს, რა დანაშაულებებიც მოხდა, ამის არასათანადო გამოძიებაც ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ეს არის ტოტალური გამარჯვება, რაც ამ საქმიდან შეიძლება, მიღწეულიყო". 

12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა. 

სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში დააკისრა პასუხისმგებლობა.  ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები