აშშ

ჰეინსი: ვემხრობი უფრო აგრესიულ მიდგომას გამოწვევებთან, რომლებსაც ჩინეთი ქმნის

ავრილ ჰეინსი
Reuters

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე წარდგენილი ავრილ ჰეინსი სენატის სადაზვერვო კომიტეტის წინაშე წარდგა. მან ხაზი გაუსვა სადაზვერვო სამსახურში აპოლიტიკურების მნიშვნელობას, სენატის სადაზვერვო კომიტეტთან და უშიშროებისა და დაზვერვის სხვადასხვა სტრუქტურებთან ღია თანამშრომლობასა და პრეზიდენტისთვის ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას. ჰეინსმა აღნიშნა, რომ როცა საქმე ეროვნულ დაზვერვას ეხება, "პოლიტიკისთვის ადგილი არ არის".

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთის საკითხს და იმ საფრთხეებს რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია უქმნის აშშ-ს უშიშროებას. ჰეინსმა აღნიშნა, რომ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთს გლობალურ კონკურენტად ხედავს, თუმცა სადაზვერვო სამსახურები ჩინეთში მოწინააღმდეგეს ხედავენ და "აგრესიული" ჩინეთის მიმართ მიდგომა ასევე უფრო მტკიცე და აგრესიული უნდა იყოს.

"ჩვენი მიდგომა ჩინეთთან უნდა განვითარდეს და უპასუხოს მტკიცე და აგრესიულ ჩინეთს, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ჩინეთი გამოწვევაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის და ფასეულობებისთვის. მე ვემხრობი უფრო აგრესიულ მიდგომას იმ გამოწვევასთან გასამკლავებლად, რომლის წინაშეც ვართ". – თქვა ავრილ ჰეინსმა.

ჰეინსმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოზიციაზე დამტკიცების შემთხვევაში, თავის პრიორიტეტებად განსაზღვრა ინსტიტუტების გაძლიერება და მათ მიმართ ნდობის აღდგენა, სადაზვერვო სტრუქტურების საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა და მომიჯნავე სტრუქტურებთან პარტნიორობის გაძლიერება დასახა.

სენატორების ირანთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხისას ჰეინსმა აღნიშნა, რომ ირანი რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტორია და თვლის, რომ ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობა.

"ირანი წარმოადგენს საფრთხეს და არის დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტორი რეგიონში. ეს არის საკითხი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ". – თქვა ჰეინსმა.

ავრილ ჰეინსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს სამთავრობო სააგენტოებს არ გადაუწყვეტიათ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და კიბერშეტევები აშშ-სთვის ასიმეტრიულ საფრთხეს ქმნის, ვინაიდან აშშ-ს სამთავრობო სისტემები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე, განსხვავებით აშშ-ს მეტოქეებისგან.

ავრილ ჰეინსი ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე სენატმა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები