დავითგარეჯის საქმე

პროკურორი: მელაშვილი-ილიჩოვა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დავალებისამებრ მოქმედებდნენ

გიორგი მუჯირი/ ფირმულა

დაკავებიდან 4 თვის თავზე პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ბრალდებას უზუსტებს

პროკურორი გიორგი მუჯირი აცხადებს, რომ ბრალდებულების ქმედების მოტივაცია დააზუსტეს. მისივე თქმით, პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვა. 

"ახალი ბრალდებით დაზუსტებულია ბრალდებულთა ქმედების მოტივაცია. კერძოდ, დაზუსტებულია, ისინი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოს მოქმედებდნენ მიღებული დავალებისამებრ, სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება განისაზღვრა ახალი გარემოებით. ბრალდების მხარემ შეძლო და მოიპოვა კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულთა მიერ საქართველოს ინტერესთა საწინააღმდეგო ქმედებას". – თქვა პროკურორმა რუსთავის ქალთა დაწესებულებაში შესვლამდე, სადაც მას აქტივისტები და ილიჩოვას მხარდამჭერები დახვდნენ.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე, დავალების გამცემ პირებს ვერ დაასახელებს.  

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურამ მელაშვილს და ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები