ეკონომიკა

2020 წელს ადგილობრივი ექსპორტი 3.5%-ით გაიზარდა

საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

გასულ წელს ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5%-ით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2020 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.6% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები იყო: ჩინეთი (459.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (401.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (310.4 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი 729.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 246.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 209.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.7%).

კომენტარები